ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალი იმართება. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები, ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე და იმ საერთო თავდაცვით შესაძლებლობებზე მსჯელობენ, რომლებიც ნატოს გააჩნია. მინისტერიალამდე ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს გაესაუბრა და მთავარი გზავნილი, რომ ნატო "ღია კარის" პოლიტიკის პრინციპს არ უღალატებს, პირისპირ შეხვედრაზე გააცნო.
"მსურს განსაკუთრებულად მივესალმო ჩვენს ქართველ და უკრაინელ კოლეგებს, მინისტრ ბურჭულაძესა და რეზნიკოვს. როდესაც დღეს ერთმანეთს ვხვდებით, ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობა და სტაბილურობა საფრთხის წინაშე დგას. მოსკოვიდან მოდის გარკვეული ნიშნები იმისა, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამ დრომდე არ გვინახავს მათგან დეესკალაციის ან ჯარების გაყვანის ნიშანი. რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს ევროპული უსაფრთხოების პრინციპების უგულვებელყოფის დემონსტრაციას, ისევე როგორც მისი უნარებისა და სურვილების, იმის თაობაზე რომ მიზნის მისაღწევად მზადაა ძალის გამოყენებით დაიმუქროს.
ვშიშობ, რომ ეს ახალ და სამწუხარო ნორმად იქცა, რასაც მზადყოფნაში უნდა დავხვდეთ. ნატოს ალიანსი დაუღალავია დიპლომატიური თუ პოლიტიკური გადაწყვეტის ძებნის საქმეში. ამას კი ვაკეთებთ ერთობლივად, საქართველოსთან და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. ნატოს ძლიერი პოლიტიკური თუ პრაქტიკული მხარდაჭერა ორივეს, საქართველოსა და უკრაინის მიმართ გაგრძელდება," - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა და ალიანსის ქვეყნების მხრიდან წამოსულ გზავნილებზე ისაუბრა:
"ხაზი გავუსვით ჩვენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ გამოგვიცხადა მხარდაჭერა. მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ჩვენ სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ და ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შევძლებთ ამას," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.