16 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "მოქალაქეები" რუსთავში შუალედურ არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებენ 

"ლელოს" ოფისში კონსულტაციები ოპოზიციის კონსულტაციები გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ დააყენოს და მხარი ჯაფარიძეს დაუჭიროს, სავარაუდოდ ასე მოიქცევა "სტრატეგია აღმაშენებელიც".

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, დაუჭერს თუ არა ჯაფარიძეს მხარს "ლელოსთან" კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. 

"ჩვენ აუცილებლად გვექნება ჩვენს "ლელოელ" პარტნიორებთან შეხვედრა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ვფიქრობდით რუსთავში ჩვენი კანდიდატის დაყენებას, ვმუშაობთ კიდეც ამ მიმართულებით. ახალი რეალობაა ბადრის ვითარება, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მას დავუჭიროთ მხარი, გადაწყვეტით ამას გეტყვით იმ შეხვედრის შემდეგ, რომელიც გაიმართება "ლელოს" წარმომადგენლებთან," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანის თქმით კი, მისი პარტია რუსთავში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. 

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი კი აცხადებს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე რუსთავში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებენ, თუმცა არც წარდგენილ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს. 

"რიგი მიზეზების გამო, მათ შორის "ოცნების" რადიკალური ქმედებების გამო, რუსთავში ჩვენს კანდიდატს არ წარვადგენთ. რაც შეეხება არსებული კანდიდატების მხარდაჭერას, ჩვენ არ ვგეგმავთ რომელიმე არსებული კანდიდატურის მხარდაჭერას," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კი ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს. 

"ბუნებრივია ჩვენს მხარს ვუჭერთ ბადრის ამ უსამართლო ბრძოლაში და გვექნება საუბარი კონკრეტულად, როგორ ხედავს ის რუსთავის არჩევნებს. მე ამას განვიხილავ, როგორც ბრძოლას ხალხთან საკომუნიკაციოდ ამ უსამართლობის წინაღმდეგ," - აცხადებს ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები