16 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
შეუძლებელია ირაკლი შატაკიშვილს რუსთავში მოუგოს სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილმა ბადრი ჯაფარიძემ - მამუკა მდინარაძე​

ბადრი ჯაფარიძის შანსებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრეს მმართველ პარტიაში. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ თემასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღეს ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 4-5 თვის წინ შეეძლოთ 50%-თვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა მმართველმა გუნდა ეს არ გააკეთა. 

"როდესაც შენ აღიარებ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, ამით უპირისპირდები არა სისტემას უსამართლოდ, არამედ გამოხატავ გარკვეულ სინანულს, რაც შეიძლება გახდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი.

ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება და როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა ბუნებრივია პასუხს სცემს მას. ჩვენ რომ გვდომოდა ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა, შეგვეძლო 4-5 თვის წინ დაახლოებით 50% ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა ეს არ გავაკეთეთ. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს ალიანსი არის სახეზე.

ამას დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდებოდა, თუმცა ჩვენ დავინახეთ რუსთავის მაგალითზე, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს "ნაცმოძრაობას" და "ლელოს" შორის. დარწმუნებული ვართ, რომ რუსთავში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს და ამისთვის დამატებითი საფუძველი შეგვიქმნა ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურამ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვებას წარმოუდგენლად მიიჩნევს. 

"იმის ილუსტრაცია, რომ ის "ნაცმოძრაობის" დანამატია, რა თქმა უნდა ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატს "ნაცმოძრაობიდან" შეიძლება მობილიზება გაუკეთოს. ყველა ვარიანტში ბადრი ჯაფარიძის დაყენება ჩვენი კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის არის ძალიან წამგებიანი.

ახლა ერთ-ერთი ინტრიგა რჩება ის, რომ "ბრინჯაოს მედლისთვის" მებრძოლი გახარია შემოვარდება თუ არა ამ თამაშში. შეუძლებელია ირაკლი შატაკიშვილს გარდაბნის ისტორიულ სოფლებში და რუსთავში მოუგოს "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა, მით უმეტეს თუ ეს იქნება სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბადრი ჯაფარიძე," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები