16 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
დაძაბული ვითარება უკრაინაში - "რადას" დეპუტატი "კურიერთან" ამბობს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაში აგვისტოს ომის სცენარის გამეორება სცადოს

რუსეთმა ლუგანსკში საარტილერიო ცეცხლი გახსნა. საოკუპაციო ძალებმა დასახლებული პუნქტი დაბობეს, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. დაშავებულია ორი ადამიანი. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორებს მოუწოდებს, დაგმონ რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების დარღვევა უსაფრთხოების ისედაც დაძაბული სიტუაციის ფონზე. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კიევში რუსეთის საელჩოდან კვამლი ამოდის. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში დიპლომატიურ დოკუმენტაციას ანადგურებენ. რუსეთის საელჩო ფაქტს უარყოფს. 

რუსეთის მხრიდან პროვოკაციები მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი და ლუგანსკში მომხდარი ამბავი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა - ნიკიტა პატურაევი, რადას უმრავლესობის დეპუტატი ასეთ განცხადებას "კურიერთან" აკეთებს. ნიკიტა პატურაევი მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული, პუტინმა მიმართოს  2008 წლის აგვისტოს ომის სცენარს და გამოიყენოს უკრაინაშიც, თუმცა, ამბობს იმასაც რომ საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგადაა ინფორმირებული პუტინის გეგმების შესახებ და ამას არ დაუშვებს. 

"ოკუპირებული რეგიონის შესაძლო აღიარებისთვის მზად ვართ. თავი დავიზღვიეთ და მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც გადავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს არაღიარების მოთხოვნით და რუსული ქმედებების დაგმობის მოწოდებით. პუტინის ეს ნაბიჯი შანტაჟია, მას სურს მოლაპარაკების მაგიდასთან დაგვსვას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერებთან, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავალთ, ამის წინააღმდეგია რადაც და მოსახლეობაც. რაც შეეხება რუსეთის განცხადებას, რომ ჯარები გაჰყავს, ეს ტყუილია, ამას არც ჩვენი და არც ჩვენი პარტნიორების დაზვერვა არ ადასტურებს,"-აცხადებს პატურაევი

გასული ღამის განმავლობაში, უკრაინაში, საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 29-ჯერ დაარღვიეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები