ფინანსთა მინისტრი პარლამენტშია. უწყების ხელმძღვანელი ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ლარის კურსი, მომატებული ფასები, დასაქმება, ინვესტიციები, საგარეო ვალი, სოციალური პროექტები, ეკონომიკის გაძლიერების ხაზი, ეს არის მთავარი თემები. კანონმდებლებმა მოისმინეს ლაშა ხუციშვილის წლიური ანგარიშიც. მინისტრმა შესავალ სიტყვაში 2022 წლის მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და გადასახადების შესრულების მაჩვენებელზე ისაუბრა.
"ქართული ოცნების" ოპონენტების მხრიდან მთავარი შენიშვნა ფინანსურ არასტაბილურობას უკავშირდებოდა. ოპოზიციის მწვავე კითხვები ეხებოდა გაზრდილ საგარეო ვალს, მომატებულ გადასახადებსა და ლარის კურსის ცვალებადობას.
პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის არმაზ ახვლედიანის თქმით, ფინანსთა სამინისტრო ხარჯების და რესურსების დაზოგვის მაგალითი უნდა იყოს, ამ ფონზე კი უწყების ხელმძღვანელს 6 მოადგილე ჰყავს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, მისთვის აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ მინისტრის პარლამენტში ვიზიტი და ლარის გამყარება დროში ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მკვეთრად არის დაცემული.
რომან გოცირიძის შეკითხვაზე მინისტრ ლაშა ხუციშვილის პასუხი იყო, რომ 2021 წელს უკვე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა იმ პარამეტრების, რომლის მიხედვითაც ინდექსი დგინდება. ამასთან მინისტრი მის ვიზიტსა და ლარის გამყარების პარალელსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ის მზად იქნებოდა პარლამენტში ყოველდღე ევლო.
"ძალიან უცნაური პარალელი იქნა გავლებული ჩემი პარლამენტში ვიზიტსა და ვალუტის კურსს შორის. თუ ასეთი კორელაციაა, მე შემიძლია ყოველდღე მოვიდე პარლამენტში," - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის კითხვა მკვეთრად გაზრდილ ფასებს ეხებოდა.
ფინანსთა მინისტრს შეკითხვები დაუსვეს მმართველი გუნდიდანაც, მათ შორის იყო კითხვა შემცირებულ ინვესტიციებთან დაკავშირებითაც. სოზარ სუბარი დაინტერესდა, რა გეგმები აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს.
იმ წნეხის შესამცირებლად, რომელიც საწვავის ფასის გაზრდის გამო დააწვა მოსახლეობას, ხომ არ იგეგმებოდა აქციზის ფასის შემცირება - ამ შინაარსის იყო მმართველი პარტიის წევრის ნოდარ ტურძელაძის შეკითხვა.
გაზრდილი საგარეო ვალის შემცირების სტრატეგიით დაინტერესდა "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, რაზეც ფინანსთა მინისტრის პასუხი იყო, რომ ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და უკვე არსებობს შედეგიც, 2025 წლისთვის კი საგარეო ვალის 45%-ს ქვემოთ ჩამოსვლა იგეგმება.