16 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
უნებართვო მშენებლობები და მუნიციპალური ინსპექციის გამკაცრებული მონიტორინგი - თებერვლის ბოლოდან თბილისის მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს​

უნებართვო მშენებლობები - მძიმე ტექნიკამ დღეს, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლების ასაშენებლად გამზადებული საძირკვლების დემონტაჟი დაიწყო.

კონკრეტული პირები ადგილზე კაპიტალურ მშენებლობას აპირებდნენ, მერიის მონიტორინგის შემდეგ კი, გამოვლინდა, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაშია და მისი დაუფლება უნებართვოდ ხდებოდა.

დემონტაჟამდე მშენებლობის მწარმოებლებმა, მერიის სპეციალური სამსახურებისგან გაფრთხილება 1 კვირით ადრე მიიღეს. ამ შემთხევაში, მოქალაქეები მოთხოვნას დაემორჩილნენ და ღობე თავად მოშალეს.

უნებართვო მშენებლობების ფაქტებზე, მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგი გამკაცრდა. თუმცა მერიის რეაგირებას და დემონტაჟის პროცესს, ხშირ შემთხვევაში, ე.წ. მესაკუთრეები ეწინააღმდეგებიან. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ფაქტი სულ ცოტა ხნის წინ, აფრიკის დასახლებაში მოხდა, სადაც  4 უკანონო შენობა აღმოაჩინეს. გარდა იმისა, რომ სახლები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე შენდება, დარღვეულია სამშენებლო ნორმებიც, რაც იქ მცხოვრები პირებისთვის საფრთხის შემცველია. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ისინი ტერიტორიას არ ტოვებენ, თუმცა მუნიციპალურ ინსპექციას პირობა მისცეს, რომ შენობებს თავად დაშლიან.

კანონი უნებართვო მშენებლობებზე დემონტაჟის გარდა, ფულად სანქციებსაც ითვალისწინებს. კანონმდებლები ამბობენ, რომ მერიის მხრიდან მონიტორინგის გამკაცრება და რეაგირება, არა დასჯას, არამედ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრისის შექმნას ემსახურება.

კანონის წინაშე ყველა თანაბარია და მერია ნებართვის გარეშე მშენებლობებს არ დაუშვებს - ასეთია დედაქალაქის მერის პოზიცია უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით.

თებერვლის ბოლოდან, თბილისი მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს, ის ვინც უსახლკაროს სტატუსს ატარებს, მერია სოციალური საცხოვრისით დააკმაყოფილებს, დღეის მონაცემებით, ასეთი სულ 400-მდე ოჯახია.

დღის ამბები