ნატოს შტაბ-ბინაში დღეს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრების მთავარი მიზანი რუსული საფრთხისგან თავდაცვაა.
შტაბბინაში შეკრებილები თანხმდებიან, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობა საფრთხის წინაშეა. საფრთხე რუსეთშია, რომელიც მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენებით იმუქრება. სწორედ ამიტომ, ალიანსმა რეგიონთან კოორდინაცია გააძლიერა, ამის დასტურია თავდაცვის მინისტერიალზე მიწვეული საქართველო და უკრაინა - შეხვედრაზე საერთო რისკები კიდევ ერთხელ შეფასდა.
ლიეტუველ, პოლონელ თუ სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრების გარდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლოიდ ოსტინთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც მიეცა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით ამბობს, რომ როგორც ნატოს ღია კარზე, ისე ალიანსის წესდების მე-5 მუხლსა და სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე ვაშინგტონის მიდგომა ურყევია. ლოიდ ოსტინი მოსკოვს უნდობლობას უცხადებს, თუმცა არც დიპლომატიის იმედი დაუკარგავს.
ალიანსის წევრები ადასტურებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მთავარი ძალა ერთიანობაა. ამ საქმეში კი ნატოს მთავარი მოტივატორები აშშ-ის გარდა, ბალტიელები და ბრიტანელები არიან.
თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში დასრულებულია. დღის ბოლოს ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა შვედ კოლეგებთან გამართა. გადაწყდა, რომ აპრილში შვედეთის თავდაცვის მინისტრი თბილისს ეწვევა.