საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძეს რუსთავსა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში გამარჯვების შანსი ექნება, თუკი ის ადამიანებისთვის გააგებინებს, პარლამენტში მისი დაბრუნება რატომ იქნება სამართლიანი.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, იმისთვის რომ ბადრი ჯაფარიძემ სხვა მხარდამჭერებიც მოიპოვოს "ნაციონალურ მოძრაობაზე" დრო არ უნდა დახარჯოს.
"დრო არ უნდა დახარჯოს "მარშალის გეგმაზე" და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან "ნაციონალურ მოძრაობაზე" აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება. თუ ეს გამოუვა, მგონი, დეპუტატობის შანსი აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერების გარეშე შუალედური არჩევნების მოგება გაუჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა მხარდამჭერებიც მოიპოვოს, ხაზი მის ერთობას კი არ უნდა გაუსვას, არამედ იმ უსამართლობას, რაც პარლამენტიდან მის გაშვებას უკავშირდება," - განაცხადა ხვიჩიამ.