"ლელო" საბიუჯეტო დაფინანსებას კარგავს. საკითხი ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შედეგად გააქტიურდა. საარჩევნო კოდექსის თანახმად პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას დაკარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, ხოლო მათ ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია.
"ლელოს" საარჩევნო სიით პარლამენტში ოთხი დეპუტატი შევიდა, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყდათ. პროპორციული სია ჩახსნილია შესაბამისად მათ ადგილს ვერავინ დაიკავებს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალძე ამბობს, რომ ჩანაწერი, რომლის თანახმადაც პარტია დაფინანსებას კარგავს, თუ პარლამენტში მისი არჩეული წევრების ნახევარზე მეტი არაა წარმოდგენილი, 1 წლის წინ საარჩევნო კოდექსსა და პარტიების დაფინანსების კანონში "ქართული ოცნების" ინიციატივით გაჩნდა. მისი მიზანი კი ოპონენტების დასჯა იყო.
"სამწუხაროა, რომ ამაში მოჰყვა "ლელოც", მე მგონი ეს არასწორი ჩანაწერია საარჩევნო კოდექსში და ეს უნდა შევცვალოთ," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
"ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი "ლელოს" წინაშე მდგარ პრობლემაში მთავარ დამნაშავედ მამუკა ხაზარაძეს მიიჩნევს:
"მამუკა ხაზარაძემ თავის პარტიას რაც გაუკეთა, ჯერ ეს აქვთ გადასატანი, ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ სიები გაანულა, რითაც გამორიცხა, პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, სიიდან შევსება და სამწუხაროდ თვითონვე დაუყენა პარტიას დაფინანსების შეწყვეტის საკითხი. არავინ აძალებდა, რომ ჯერ სიები გაენულებინა და მერე თავისი ნებით დაეტოვებინა პარლამენტი. ეს ორი გარემოებაა რის გამოც ამ პრობლემებშია პარტია "ლელო"," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კი იმ მიზეზებს ხსნის, რამაც თავის დროზე ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა:
"ეს კანონი მიმართულია ერთი რამისკენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ მოახდინონ პარლამენტის საბოტაჟი, როცა არ დადიან პარლამენტში, მიატოვებენ მანდატებს და ჩახსნიან სიებს, ანუ მთლიანად დემოკრატიული პროცესის ჩაშლის გზაზე როცა დგებიან და ამ საბოტაჟის პარალელურად არ ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.