16 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა - როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები რუსეთის აგრესიულ ქმედებებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. გერმანიაშია საქართველოს დელეგაციაც.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა უკრაინის მიმართ განხორციელებული რუსული აგრესია დაგმო:

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას წელს ბოლოჯერ ვთავმჯდომარეობ და ამ 14 წლის მანძილზე, ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციაა. ამ წლების მანძილზე ბევრნაირი კრიზისი გვინახავს: ეკონომიკური კრიზისი, არაბული გაზაფხული, შეიარაღებული კონფლიქტი ლიბიასა ან სირიაში, ყირიმის უკანონო ანექსია, კონფლიქტი დონბასში და ა.შ. ბევრი ტურბულენტური დრო გვინახავს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, ახლა კი ვუყურებთ მუქარის შემცველ სამხედრო მობილიზებას რუსეთის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის წინააღმდეგ.

ზოგიერთი ქვეყანა, სხვადასხვა, მიზეზით, ამ კონფერენციას დღეს არ ესწრება. მსურს განსაკუთრებულად მივესალმოთ ჩვენს უკრაინელ სტუმრებს, კერძოდ პრეზიდენტ ზელენსკის. ისევე, როგორც ჩვენს რუს სტუმრებს. ვწუხვარ, რომ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა არ გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა, რომ ამ დარბაზში საკუთარი პოზიცია აეხსნა. მაგრამ ჩვენი კარი ღიაა და გვსურს, რომ მიუნხენში ყველა რელევანტური აზრი ისმოდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს დისკუსიებზე გაჩენილი იდეები ამ საერთაშორისო კრიზისის დეესკალაციაში დაგვეხმარება,"- განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა კი, რუსული სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებასთან დაკავშირებით, ღრმა მწუხარება გამოთქვა და განმარტა, რომ საკითხი დიპლომატიურ ჭრილში უნდა გადაწყდეს:

"ბოლო 3 წელიწადში მსოფლიო უფრო საშიშ და კომპლექსურ ადგილად იქცა. გეოპოლიტიკურად წყალგამყოფი საკითხები გაღრმავდა და ამ აზრთა სხვადასხვაობამ გაეროს უშიშროების საბჭოს პარალიზება მოახდინა, რამაც გააჩინა დაუსჯელობის გარემო, რის გამოც, გარკვეულ ძალებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ. რუსული სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებით, ღრმად შეწუხებული ვარ. კვლავ მჯერა, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ ეს მოხდა - იქნება კატასტროფა.

დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა საკითხი სწორედ დიპლომატიურ ჭრილში უნდა გადაწყდეს და ახლა ის დროა, რომ სერიოზული დეესკალაცია ვიხილოთ. გაეროს ყველა წევრმა საერთაშორისო დავები მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტონ. ყველა წევრმა უნდა შეიკავოს თავი მუქარისგან თუ ძალის გამოყენებისგან,"- აღნიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს, პასუხი იქნება უპრეცენდენტო:

"ამ რთულ პერიოდში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსის სიძლიერე და სიმყარე. ჩვენ ჩვენი მიზნებისკენ შეუპოვრად მივიწევთ. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს, პასუხი იქნება უპრეცენდენტო. ჩვენ გერმანიაში მზად ვართ რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად მძიმე შედეგები დადგეს. განხილვის მაგიდაზე ბევრი საკითხი დევს მათ შორის "ჩრდილოეთის ნაკადი 2-იც". სამი ელემენტია მნიშვნელოვანი: ესენია სოლიდარობა, გამბედაობა და საიმედოობა. ჩვენ მხარს ვუჭერტ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სოლიდარობა ნიშნავს რომ მხედველობაში ვიღებთ ჩვენი მეზობლების შეშფოთებას,"- განაცხადა  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ. 

დღის ამბები