16 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
კასპში ხმაური და დაპირისპირება, საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების შესვლას მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების შესვლას მოჰყვა. ოპოზიციამ ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ერთგვარი პერფორმანსით გააპროტესტა. მათი ძირითადი კითხვები საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასების ზრდას და ავტოპარკის განახლებას ეხებოდა. საკრებულოს ყოფილი წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", თავმჯდომარეს მოუწოდებდა ცვლილებები არ დაემტკიცებინათ.

დაპირისპირების გამო საკრებულოში სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო, მათ მედიას და ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომა დაატოვებინეს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" პერფორმანსი შენობის გარეთაც გაგრძელდა. პროტესტის ნიშნად მათ შესასვლელ კარს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ერთად საბიუჯეტო ცვლილებებს აპროტესტებდა კასპის ყოფილი მერიც, რომელმაც თანამდებობა ორი წლის წინ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები რომ ოპოზიციისთვის წინასწარ იყო ცნობილი, ამაზე საკრებულოს თავმჯდომარეც საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ამის შესახებ ოპონენტებისგან პრეტენზიები არ მოუსმენია. შოთა ბეგლარაშვილის განმარტებით, ცვლილებების მიხედვით თანამშრომელთა ანაზღაურება სხვა მუნიციპალიტეტების სარგოს გაუთანაბრეს. "ქართული ოცნების" წევრები ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობასა და სხდომის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ.

კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს მუნიციპალიტეტის მერიც იმყოფებოდა, თუმცა მან შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

დღის ამბები