მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, დღე მეორე - რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე მსჯელობა გრძელდება. მსოფლიო ლიდერები დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუსმენენ.
მიუნხენშია საქართველოს დელეგაციაც, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით. დღესვე იგეგმება ერთ-ერთ პანელზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაც.
"კურიერი" გენერალ ბენ ჰოჯესს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის მიზანია, გაანადგუროს უკრაინის ეკონომიკა და ჩამოამხოს მისი მთავრობა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, დარტყმა იქნება არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელს რეგიონზე, მათ შორის საქართველოზეც.
"რუსეთი, პრაქტიკულად, უკრაინას ყელში უჭერს და ცდილობს იგი დაახრჩოს, რათა ჩამოშალოს ქვეყნის ეკონომიკა და ჩამოამხოს მისი მთავრობა. რა თქმა უნდა, თუ შავი ზღვის რეგიონში მოსკოვს ეს გამოუვა, ამას ექნება ნეგატიური შედეგი საქართველოსთვის, ჩაითრევს მოლდოვასაც და ყველას რეგიონში, თუ მას არ შევაჩერებთ.
ერთის მხრივ, ეს არის შესაძლებლობაც, რადგან ახლა ყველამ ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც ყურადღება გადაიტანეს შავ ზღვაზე. ისინი ხვდებიან, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ეს რეგიონი. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქართველი მეგობრები გამოიყენებ ამ შანსს, რათა კარგად აუხსნან პარტნიორებს საქართველოს როლი, მისი როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის პოტენციალი, რომელიც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება," - აცხადებს გენერალი, ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი.