16 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
რა არის საჭირო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად - ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების კონფერენცია იმართება, საქართველოს დელეგაცია პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება. კონფერენციის პარალელურად, პრემიერ მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს, დღესვე იგეგმება დისკუსია, სადაც საუბარი იქნება კავკასიის რეგიონზე. სწორედ ამ პანელზე, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებზე ისაუბრებს.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პოზიციებს და მოსაზრებებს კიდევ უფრო ფართოდ წარმოადგენს.  

"ამ პანელზე კიდევ უფრო ფართოდ გაშლის პრემიერ მინისტრი ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება მთლიანად ევროპული უსაფრთხოება თავდაყირა დააყენოს. მნიშვნელოვანი იყო გახსნით ნაწილში განცხადებები, რომელიც გაკეთდა და საზოგადოებამ იხილა, რომ იგივე სახელმწიფო მდივანი, როდესაც საუბრობს დღეს არსებულ სიტუაციებზე და პარალელებზე, მან ისაუბრა ასევე 2008 წელზე, საქართველოზე. ყველა ძალიან შეშფოთებულია ამ არსებული სიტუაციით," - აცხადებს დავით ზალკალიანი.

მიუნხენში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. ჯუანშერ ბურჭულაძე პლატფორმის ფორმატს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და სამომავლო გეგმების გასაჟღერებლად საქართველოსთვის კარგ საშუალებად აფასებს.

"მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი პლატფორმა, საშუალება საქართველოსთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც იღებს მონაწილეობას, რომ გაცვალონ აზრები ერთმანეთში, ასევე გააჟღერონ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პოლიტიკური სამომავლო გეგმები, რაც აქვთ ქვეყნებს. პრემიერ მინისტრი ხვდება რამდენიმე ქვეყნის დელეგაციებს, ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიაში და ჩვენს რეგიონში," - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

დღის ამბები