16 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
მოვამზადეთ უმძიმესი სანქციების პაკეტი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის ამას მიიღებს - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მის წინააღმდეგ უმძიმესი ფინანსური და ეკონომიკური სანქციების პაკეტი ამოქმედდება, მათ შორის ენერგეტიკულ ნაწილში. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. როგორც ურსულა ფონ დერ ლეიენი ​ამბობს, ძლიერი ევროკავშირი ვერ იქნება ასეთი დამოკიდებული იმგვარ ენერგომომწოდებელზე, რომელიც კონტინენტზე ომის დაწყებით იმუქრება.

"იმას რაც დღეს ხდება, შეუძლია მსოფლიო დღის წესრიგი სრულიად შეცვალოს. უკრაინელების მთელი თაობები გაჩნდნენ და იზრდებოდნენ თავისუფალ ქვეყანაში, ისინი დემოკრატიის შვილები არიან. მოგვიანებით კი გახდნენ აგრესიის მსხვერპლი, ამჟამად არიან იმ ომის ზღვარზე, რომელიც მათ არ სურთ, თუმცა რომელიც შესაძლოა მოსკოვმა აირჩიოს. რუსეთის პოლიტიკაა უარყოს მილიონობით უკრაინელის არჩევანი და თავისუფალი ქვეყნის თვითგამორკვევის სურვილი - ამის შედეგები კი შეეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს მსოფლიოს.

რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ არქიტექტურას. ჯერ კიდევ გვჯერა, რომ დიპლომატია მშვიდობამდე მიგვიყვანს. ამასთან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საპასუხოდ. ჩვენ მოვამზადეთ უმძიმესი ფინანსური და ეკონომიკური სანქციების პაკეტი, მათ შორის ენერგეტიკულ ნაწილში. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის ამას მიიღებს. ეს კი რუსეთს წაართმევს სამომავლო კეთილდღეობის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ძლიერი ევროკავშირი ვერ იქნება ასეთი დამოკიდებული იმგვარ ენერგომომწოდებელზე, რომელიც ჩვენს კონტინენტზე ომის დაწყებით იმუქრება. ეს კი ენერგო დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე მიუთითებს. რუსეთი ცდილობს ჩვენს დაყოფას, მაგრამ ჩვენ ვუპასუხეთ მას ერთხმად და ერთი გზავნილით," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

დღის ამბები