გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ ერთიანობას დაარღვევს, მას მაღალი ფასი ექნება გადასახდელი. როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, რუსეთი ამის შესახებ ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამაც გააფრთხილა.
"ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ რუსეთი გააფრთხილა, რომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მწვავე შედეგები მოჰყვება. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს მოხდეს, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. მკაფიოდ განვასხვავებთ დაუსაბუთებელ მოთხოვნასა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ ინტერესებს. ჩვენთვის ეუთოს ფუნდამენტური პრინციპები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, რუსეთი მათ დათანხმდა და ის მოიცავს სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. როცა პრეზიდენტ პუტინს შევხვდი, მე მას ნათლად ვუთხარი, რომ უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასი ექნება გადასახდელი.
ჩვენ ვისწრაფვით, რაც შეიძლება მეტი დიპლომატიისკენ, გულუბრყვილობის გარეშე, დიპლომატიის მარცხის მიზეზი ჩვენ არ ვიქნებით," - განაცხადა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.