ირაკლი კობახიძე ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონთან" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას ეხმაურება. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პროტესტის გამოხატვა, თუმცა აღნიშნავს, რომ ისეთი სენსიტიური თემით სპეკულირება როგორიც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტია, მიუღებელია.
"თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, საქართველოში არის დემოკრატია და შეუძლია გამოხატოს პროტესტი. მაგრამ, რაც შეეხება სპეკულაციებს, ეს არის პირდაპირ ვიტყვი, მიუღებელი, არის ძალიან მძიმე სპეკულაციები და ბუნებრივია, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც საქმე ეხება ღირსეულ, პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მათ აქვთ პრობლემა ღირსებასთან, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას.
რაც არის გამოსაძიებელი, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ რაც შეეხება სპეკულაციებს, ეს არის ბუნებრივია, მიუღებელი, მით უმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.