16 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
თუ რუსეთი ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი, პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა. როგორც ჰარისი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება, მისივე თქმით, ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება.

"დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ. იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოში აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ - 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს. სამწუხაროდ, რუსეთის მტკიცების მიუხედავად ახლა მზადყოფნაშია რუსული ძალების 150 ათასი სამხედრო მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვუშვებთ, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდასხმისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იმავეს ხედავენ.

ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას. რუსეთს ვთავაზობთ დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ ვთმობთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევას. რუსეთი აცხადებს, რომ ეძებს მშვიდობიან გამოსავალს, თუმცა რუსებმა ეს კონკრეტული მოქმედებით უნდა დაადასტუროს. უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება. ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება. თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას. გვირჩევნია ვიმუშაოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიასა და სხვა მრავალ გადაუდებელ საერთო პრობლემას. დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,"- განაცხადა რაიან ჰარისმა.

დღის ამბები