დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ თუკი რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, უმკაცრესი სანქციები დაუწესდებათ კერძო პირებსა და იმ კომპანიებს რუსეთში, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ქვეყნისთვის.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ერთად უმკაცრეს და ძლიერ სანქციათა პაკეტზე მუშაობს.
"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შოკი მთელ მსოფლიოს ექოდ მოედება. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ერთად უმკაცრეს და ძლიერ სასანქციო პაკეტზე მუშაობს.
თუ რუსეთი მისი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრება, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ კერძო პირებსა და იმ კომპანიებს რუსეთში, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ქვეყნისთვის. შეუძლებელს გავხდით მათთვის ფინანსების მოპოვებას ლონდონში. ჩვენ გავხსნით "მატრიოშკას თოჯინებს" და გავალთ რუსეთის მფლობელობაში მყოფ კომპანიებზე. გაერთიანებული სამეფო და მოკავშირეები აძლიერებენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს.
შეხედეთ მათი საზღვაო ფლოტის გაძლიერებას შავ ზღვაში, რომელიც უკრაინას ბლოკადის საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვაგზავნით საბრძოლო ხომალდებს შავ ზღვაში. რუსული მეთოდები ადრეც გვინახავს. ვერ გაგვასულელებენ. ჩვენ ვერ მოვიჯახუნებთ ნატოს ღია კარს. მე მჯერა, რომ რუსეთი ამით ვერაფერს მიაღწევს, თუკი დიალოგი მარცხს განიცდის და რუსეთი აირჩევს ძალადობის გზას, საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგოდ, მაშინ ჩვენი კოლექტიური ინტერესი იქნება, რომ მან მარცხი განიცადოს," - აცხადებს ბორის ჯონსონი.