სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შარლ მიშელის და ჟოზეფ ბორელის გამოსვლა. დასავლელი ლიდერები რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ ევროპის ერთიანობას აცხადებენ. ისინი კიდევ ერთხელ მკაცრად აფრთხილებენ რუსეთს შესაძლო შედეგების შესახებ, რასაც უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა გამოიწვევს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ მათ უნდა გააძლიერონ უკრაინისადმი მხარდაჭერა და ასევე უსაფრთხოების პოლიტიკაც.
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ასევე უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების პოლიტიკაც. კრიზისი, რომელიც მოკლე ვადიანია მას სტრატეგიული კომპასი ვერ გადაჭრის იმიტომ, რომ როცა კრიზისული ვითარება დღეს არის, ვერ დავუწყებთ ლოდინს სტრატეგიულ კომპასს, რომელიც ზეგ ამოქმედდება. თუმცა, ჩემი აზრით ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს ის გამოწვევები, რის წინაშეც ხანგრძლივ ვადიანი კრიზისის დროს შეიძლება აღმოვჩნდეთ. ამიტომ ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად უნდა მოვამზადოთ შესაბამისი სტრუქტურა, სწორედ ეს არის რისი შემოთავაზებაც სტრატეგიულ კომპასს შეუძლია.
მოკავშირეები სწორად ამბობენ, როცა აცხადებენ, რომ ევროპა საფრთხეშია. დიახ ევროპა საფრთხეშია და ჩვენ სიტუაციისთვის თავის გასართმევად შესაბამისი უნარი გვჭირდება, რასაც მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ. არც ერთ ქვეყანას დამოუკიდებლად საფრთხესთან გამკლავება არ შეუძლია. სწორედ ეს არის სტრატეგიული კომპასი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პრობლემის იდენტიფიცირებას, ასევე იმ გზის პოვნას, რომლითაც გამოწვევას ვუპასუხებთ ერთად. თუმცა, ეს არ ნიშნავს ცალკე ევროკავშირის სამხედრო ალიანსის შექმნას. ნატო იყო და დარჩება ევროპის ტერიტორიული უსაფრთხოების პასუხად, თუმცა ევროკავშირიც უნდა იყოს ერთიანი და ძლიერი," - განაცხადა ჟოზეფ ბორელიმ.
მიუნხენში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც. ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრებს მართავენ. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანალიტიკური ორგანიზაციის "გლობსეკის" დამფუძნებელს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობას და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
"პრემიერს ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე ჰქონდა შეხვედრები კერძო სექტორთან. ეს აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენი როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, ასევე ის ბიზნეს პოტენციალი, რაც საქართველოს გააჩნია, აუცილებლად იქნება გამოყენებული მაქსიმალურად ჩვენი ხელისუფლების პირობებში," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.