კვლავ დაძაბულია ვითარება უკრაინაში, თუმცა, მიუხედავად არსებული მწვავე კრიზისისა, დასავლეთს მაინც აქვს იმედი, რომ პრობლემის მოგვარებისთვის ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა.
"რუსული ჯარი უკრაინის საზღვრიდან არ გადის, როგორც ამას თავად რუსეთი ამბობს, არამედ, პირიქით, მას ახალი ძალები ემატება. NATO ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება თავდასხმის საბაბის შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, ალიანსი კვლავინდებურად ემხრობა საკითხის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას. გვსურს, ვაიძულოთ რუსეთი შეიცვალოს კურსი და დაჯდეს ჩვენთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
"ჩვენ ვართ მკაფიო ჩვენი პრინციპებისა და მიზნების მიმართ. ვსაუბრობთ შესაძლო ომზე ევროპაში. აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ სიტუაციის მნიშვნელობა და სერიოზულობა. მინდა გითხრათ რომ ევროპაში ომის შესაძლებლობა რეალურია. ვაგრძელებთ მოკავშირეებთან კოორდინირებულ მუშაობას ერთიანი პოზიციის ირგვლივ. ჩვენ ყველას გვსურს, არა უბრალოდ გვსურს, არამედ გვჯერა რომ ყველაზე საუკეთესო გზა ამ კრიზისისთვის დიპლომატიური დასასრულია," - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.