უკრაინა-რუსეთის კრიზისი მთავრი თემა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც დღეს დასრულდა. 3 დღის განმავლობაში დასავლელი ლიდერები იმ საფრთხეებზე მსჯელობდნენ, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოს უქმნის. ევროპის მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს შარლ მიშელმა და ჟოზეფ ბორელმა. ისინი მკაცრად აფრთხილებენ კრემლს შესაძლო შედეგების შესახებ, რასაც უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა გამოიწვევს.
მიუნხენში იმყოფებოდა საქართველოს დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გაიმართა.
"ჩვენ, ევროპელები ერთიანები ვართ" - სწორედ ეს გზავნილი ჰქონდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მიუნხენში. შარლ მიშელი კონფერენციაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდა. ევროპის ლიდერებმა აქცენტი რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეზე და სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ევროპის მკაცრი პასუხის აუცილებლობაზე გააკეთეს.
ძლიერი დასავლური სტრუქტურები და მათში იმ ქვეყნების გაწევრიანება, რომლებსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაცხადებული სურვილი აქვთ, მკაფიო სიგნალი იქნება რუსეთისთვის. დასავლელი ლიდერები, რუსეთთან ერთად, აღებული ვალდებულებებისა და დაპირებების შესრულებისკენ, ევროპასაც მოუწოდებენ.
როგორ უნდა აიცილოს ომი უკრაინამ? ამ კითხვაზე პასუხს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც ეძებს.
ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველომ 2008 წელს გაიარა. სწორედ ეს გამოცდილება გაუზიარა უკრაინელ კოლეგას დავით ზალკალიანმა, რომელმაც საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა პირისპირ შეხვედრაზე. ქართული დელეგაციის წევრების შეფასებით, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში, კარგად უნდა გათვალოს ყველა შესაძლო რისკი, რაც შესაძლოა რეგიონში არსებულმა ვითარებამ გამოიწვიოს.
სამი დღის განმავლობაში, მსოფლიო ლიდერები ვითარების განსამუხტად, მიუნხენიდან ცდილობდნენ რუსეთის დარწმუნებას. ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სივრცე დიპლომატიისთვის, დაძაბული ვითარების მიუხედავად ჯერ კიდევ არსებობს.