დადგმული კადრები შეცვლილი სცენარით - რუსული სახელმწიფო მედია კადრებს ავრცელებს, სადაც ოკუპანტები ჰყვებიან, თუ როგორ უტევენ უკრაინული ჯავშანტექნიკა და სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს. სეპარატისტები უკრაინელ სამხედრო ძალებს დივერსიაში ადანაშაულებენ და მათ ტერორისტებად მოიხსენიებენ. გავრცელებული ვიდეოები რომ ფაბრიკაციაა და რეალობას არ შეესაბამება, მალევე გამჟღავნდა სპეციალისტების მიერ, რომლებმაც დეტალურად აღწერეს რომ დადგმულ კადრებში ნაჩვენები სახლი და სამხედრო ტექნიკა ერთი და იგივეა და ის თავად საოკუპაციო ძალებს ეკუთვნით.
დეზინფორმაციის გავრცელებასთან ერთად რუსეთის ფედერაციას დონბასიდან მოსახლეობა აქტიურად გაჰყავს. დღეს როსტოვში ლტოლვილთა ახალი ნაკადი 5 ავტობუსითა და რამდენიმე მატარებლით ჩავიდა. ადგილობრივების სიმრავლის გამო კი ვორონეჟის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დევნილებს მთელი დღის განმავლობაში ავტობუსებსა და სადგურში უწევდათ ლოდინი. მათ ვერც პუტინისგან დაპირებული საკვები და საცხოვრებელი ვერ მიიღეს.
ლუგანსკში კი ისევ განგაშის სიგნალის ხმა ისმის. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს სამხედროების მობილიზება. ბოლო 2 დღის განმავლობაში ინტენსიურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც. ბოლო დღეების განმავლობაში სეპარატისტების თავდასხმას 2 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. უკრაინის სამხედრო ძალები ცდილობენ ოკუპანტების პროვოკაციას არ აყვნენ.
ნაცვლად ვითარების დეესკალაციისა, კრემლი უკრაინის საზღვრებთან უფრო და უფრო მეტ სამხედროსა და ტექნიკას უყრის თავს. პუტინმა ბელარუსთან ერთობლივი წვრთნები გაახანგრძლივა, გუშინ კი ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები გამოსცადა. დაძაბული ვითარების მიუხედავად კრემლშიც და კიევშიც ჯერ კიდევ ფიქრობენ რომ დიალოგს აზრი აქვს.
გარდა ამისა, უკრაინაში დღეს 2014 წელს მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულები გაიხსენეს და ხსოვნას ყვავილებითა და სანთელებით პატივი მიაგეს, მათ შორის იყო ქვეყნის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც, რომელმაც "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს უკრაინის კრიზისი საქართველოში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს შეადარა.
შექმნილი ვითარების გამო შტატების, ბრიტანეთისა და ნატოს შემდეგ საელჩო ნიდერლანდებმაც ლვოვში გადაიტანა. ევროპული სახელმწიფოების ნაწილი საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. მიაღწევს თუ არა მოსკოვი დასავლეთთან კომპრომისს ბუნდოვანია, თუმცა მანამდე მოლაპარაკების გასაგრძელებლად მომდევნო კვირას ბლინკენსა და ლავროვს შორის მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული.