16 ნოემბერი 2024,   08:02
ვრცლად
შესაძლოა თუ არა ჯაფარიძის კონსპირაციულმა შეხვედრამ "ლელოში" უთანხმოება გამოიწვიოს - საბა ბუაძის თქმით, მისთვის "პატრიოტთა ალიანსი" მიუღებელი პარტიაა

რა საერთო შეიძლება ჰქონდეს პროდასავლურ ლიდერს პრორუსული პარტიის ხელმძღვანელთან, ბადრი ჯაფარიძის და ირმა ინაშვილის შეხვედრას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოყვა. "ლელოში" ადასტურებენ, რომ სხვადასხვა პარტიასთან კონსულტაციები რუსთავის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა ბადრი ჯაფარიძემ და ირმა ინაშვილმა "კურიერთან" უარყვეს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი არჩევნებს ეხებოდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე საბა ბუაძე, ჯაფარიძეზე დაყრდნობით ამბობს, რომ ირმა ინაშვილთან შეხვედრა რუსთავის საარჩევნო კამპანიას არ შეეხებოდა. 

როგორც ცნობილია ბადრი ჯაფარიძის კონსპირაციულ შეხვედრას პარტიაში დადებითი გამოხმაურება არ მოყოლია, და შეფასებებიც არაერთგვაროვანია. შესაძლოა თუ არა აღნიშნულმა ფაქტმა გუნდში უკმაყოფილება და ბზარები გააჩინოს - ამაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ბუაძე "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მისთვის მისაღები პარტია არ არის. 

"ჩემთვის გაცილებით უფრო სარწმუნო არის ბადრი ჯაფარიძის განცხადება, რომელიც უშუალოდ მონაწილე და სუბიექტი იყო ამ შეხვედრის. ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ეს შეხვედრა არ შეეხებოდა რუსთავის კამპანიას, ამიტომაც მე არ მაქვს საფუძველი, რომ სხვაგვარად ვივარაუდო.

"პატრიოტთა ალიანსი" ჩემთვის მისაღები პარტია ნამდვილად არ არის. ვითანამშრომლებ ყველასთან ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და მომართულია იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანები იყოს დაძლეული, მათ შორის მმართველ პარტიასთანაც,"- აცხადებს საბა ბუაძე. 

დღის ამბები