უკრაინა-რუსეთის კრიზისი მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. არაფორმალურ შეხვედრაზე, ცოტა ხნის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც მივიდა. საგარეო უწყების ევროპელი ხელმძღვანელები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და საერთო გეგმაზე იმსჯელებენ. ისინი კიდევ ერთხელ დაადასტურებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ყურადღებას ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობაზე გაამახვილებენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტი უკვე მზად არის, თუმცა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ევროპის საბჭომ უნდა მიიღოს.
"ინტენსიური დღის წესრიგი გვაქვს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უკრაინა- რუსეთის თემა იქნება. საუბარი გვექნება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. გავაგრძელებთ მხარდაჭერას მის მიმართ ასეთ კრიტიკულ დროს. ბატონმა ზელენსკიმ თქვა, რომ ყველაზე დიდი მტერი იქნება პანიკა. ჩვენ ნებისმიერ სამიტზე ან მოლაპარაკებაზე მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ გამოსავალს კრიზისის გადასაჭრელად. სანქციების კუთხით სამუშაო შესრულებული გვაქვს. სანქციების დაწესება ევროსაბჭოს პრეროგატივაა, მათ უნდა გადაწყვიტონ ეს ჩემს შეთავაზებაზე, როცა შესაბამისი დრო დადგება და, იმედი მაქვს, ეს მომენტი არ დადგება,"-აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდიმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ძალადობრივ გზას მიმართავს, დამანგრეველი სანქციებით უპასუხებენ.
"აქ ვართ იმისთვის, რომ რუსეთის უპრეცედენტო საფრთხეებს ერთიანობა დავუპირისპიროთ. თუ რუსეთი ძალადობრივ გზას აირჩევს, მზად ვართ მას დამანგრეველი სანქციებით ვუპასუხოთ. იმედია, რუსეთი მშვიდობის და დიალოგის გზას აირჩევს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა, ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად ვართ. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ადგილი არ უნდა ჰქონდეს გავლენის სფეროების მოპოვებას და ცივი ომის გაჩაღებას. ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ იმისთვის, რომ ნორმანდიის ფორმატში განვიხილოთ აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი. როცა უკრაინის საზღვრებთან ამდენი სამხედროს მობილიზებას ახდენენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არიან მოლაპარაკებისთვის მზად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ , ახალა არჩევანი რუსეთზეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი მიიღებს ისეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს, როგორიც აქამდე არ უნახავს. ევროპის უსაფრთხოების საკითხი, ვფიქრობ, რუსეთის ინტერესშიც უნდა შედიოდეს,"-აცხადებს კოფოდი.