საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პრეზიდენტისადმი ბრიფინგით გამოეხმაურა. ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელი არ მიუწვდება 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საიდუმლო გრიფით გამოცემულ მასალებზე და, შესაბამისად, ვერ განახორციელებდა მის გასაიდუმლოებას.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აუხსნას, თუ რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი ფაქტების გასაიდუმლოება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვისა და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ ამ აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაიგზავნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და, რეგულაციების შესაბამისად, 2019 წლის პირველ იანვრამდე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და ა.შ. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენიმეჯერ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას რომ გადმოსცემოდა აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, დღეის მდგომარეობით, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებზე და მათ გასაიდუმლოებაზე. ასევე, უნდა ითქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს აღნიშნულ დოკუმენტებზე, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ მიიღოს დოკუმენტებთან დაკავშირებით განახლებული მდგომარეობა და ჰქონდეს ინფორმაცია ამ დოკუმენტების შესახებ.
ასევე, მიუღებელია, მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი იყოს გასამართლებული, ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლებასა თუ შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელია და ანაქრონული და უშედეგო, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთან დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც წამოიწყო პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ.
ასევე, ძალიან უხერხულად ჟღერს ექსპრეზიდენტისაგან, რომელმაც უარი თქვა საკუთარ ქვეყანასა და ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე, აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, საბოლოოდ, დათმო,"- განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.