16 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ გაერომ უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. შეხვედრაზე მიწვეული იყო უკრაინის მისიის ხელმძღვანელიც. დიპლომატებმა უკრაინის ტერიტორიების აღიარება ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასეს. გაიხსენეს შეჭრა საქართველოში და ხაზი გაუსვეს, რომ ხვალ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი შეიძლება სხვა ქვეყანა გახდეს.

ამ ყველაფრის პარალელურად, თეთრმა სახლმა უკვე გამოაქვეყნა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება. ის სეპარატისტულ რეგიონებში ამერიკულ ბიზნესს საქმიანობას უკრძალავს. ეს არის ცალკე ღონისძიება, რომელსაც შეერთებული შტატები მიმართავს და როგორც განმარტავენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად სანქციათა სხვა პაკეტსაც მიიღებენ.

კრემლის განკარგულება 2008 წელს საქართველოს შესახებ - ეს დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის ელჩმა იმის დემონსტრირებისთვის წარადგინა, რომ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარების განკარგულება 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების იდენტურია.

სერგეი კისლიცა ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და ოკუპანტი საკუთარი ჯარების ყოფნის დაკანონებას უკრაინაში 2014 წლიდან ცდილობს.

უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იურკში გვიან ღამით შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მოთხოვნით გაიმართა. დიპლომატებმა უკრაინის ტერიტორიების აღიარება ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასეს. გაიხსენეს საქართველოში შეჭრა და აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი შეიძლება სხვა ქვეყანაც იყოს.

"რუსეთის მკაფიო თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, მინსკის შეთანხმების მიმართ რუსეთის ვალდებულებებზე უარის თქმა და ასევე უარყოფაა რუსეთის პოზიციის, რომ ის დიპლომატიის მომხრეა" - ასე აფასებს შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის გადაწყვეტილებას.

რუსული ჯარის შესვლას სეპარატისტულ რეგიონებში, ე.წ. მშვიდობისმყოფელთა მისიით შეჭრას უწოდებს შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი.

შეერთებული შტატები ამერიკელებს უკრაინის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამერიკის დიპლომატიური პერსონალი, რომელიც ლვოვში იყო, გუშინ პოლონეთში გადაიყვანეს.

დღის ამბები