ტანკები და ჯავშანტრანტრანსპორტიორები დონეცკის შემოგარენში - უკრაინა-რუსეთის კრიზისი მწვავდება. ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ჯარები სეპარატისტულ რეგიონებში "მშვიდობის დასაცავად" გაგზავნა.
ცივილიზებული სამყარო უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდება და მზად არის აგრესორს მყისიერი პასუხი გასცეს.
საოკუპაციო ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ისევ განაგრძობენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 84 დარღვევა დაფიქსირდა. დაჭრილია 10-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი.
უკრაინის მოქალაქეები "კურიერთან" აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება შოკის მომგვრელია, თუმცა ასევე ამბობენ, რომ ეს მათთვის მოულოდნელი არ იყო.
რიგითი მოქალაქეების განმარტებით, ახლა მათთვის არაფერი შეცვლილა, რადგან უკრაინის ტერიტორია იგივედ რჩება, ხოლო აღიარებს თუ არა მას პუტინი, მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მზად არიან წინ აღუდგნენ პუტინის აგრესიას და მადლობას უხდიან სახელმწიფოებს გვერდში დგომისთვის, მათ შორის საქართველოსაც.
"მყავს მეგობრები საქართველოში და ვიცი რაც მოხდა 2008 წელს, როგორ შეიძლება ეს დასრულდეს ესეც კარგად ვიცით. თუ პუტინს არ გავაჩერებთ, მეორე ჰიტლერს მივიღებთ," - აცხადებს უკრაინის მოქალაქე.