ვლადიმერ პუტინის გუშინდელ გადაწყვეტილებას ქართული პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. როგორი უნდა იყოს პასუხი, ჟღერდება ახალი ინიციატივებიც. პარტია "დროა" კონსულტაციებს იწყებს. მისი იდეაა, რომ შაბათს, 15:00 საათზე, გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერი ჯაჭვი. ახალი ინიციატივა აქვს "ლელოსაც."
პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ აქვთ ინიციატივა, პარლამენტმა მიიღოს მორიგი რეზოლუცია, სადაც დაგმობს რუსეთის ქმედებებს.
"ყველასთვის გასაგებია, რომ ვლადიმერ პუტინის სამიზნეს არ წარმოადგენს არც უკრაინის, არც საქართველოს რომელიმე რეგიონი. ის რეალურად, ებრძვის ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას.
ეს არის ლელოს ოფიციალური პოზიცია, რომ უახლოეს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც ცალსახად დაგმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებას," - ამბობს სალომე სამადაშვილი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ რუსეთის სურვილი და ამბიციაა საბჭოთა კავშირი დააბრუნოს.
"პუტინი უკვე ღიად ემუქრება დასავლეთს და ის სავარაუდოდ, გახსნის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში. დასავლეთმა აუცილებლად უმკაცრესი ზომები უნდა მიიღოს... უმკაცრესი სანქციებით უნდა აგოს პუტინმა და მისმა გარემოცვამ პასუხი," - აცხადებს ნონა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.