16 ნოემბერი 2024,   08:04
ვრცლად
"ახლა გვაქვს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველომ 2008 წლის მოვლენები თავიდან ბოლომდე ამოაყირავოს" - ხატია დეკანოიძე

მხარდაჭერა უკრაინას - საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.

პოლიტიკური სპექტრი კი მსჯელობს საპასუხო ნაბიჯებზე, ოპოზიციის ნაწილი ახალ რეზოლუციას ითხოვს.

პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს ახლა აქვს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა 2008 წლის მოვლენების ამოყირავებისთვის. ხატია დეკანოიძის თქმით, ნებისმიერი აქტიურობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების ჩასვლაც უკრიანაში.

"ახლა გვაქვს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველომ 2008 წლის მოვლენები თავიდან ბოლომდე ამოაყირავოს და კიდევ ერთხელ შეახსენოს მსოფლიოს, რომ საქართველოს ოკუპაცია მოხდა რუსეთის მიერ 2008 წელს, ზუსტად ისე, როგორც ეს წუხელ პუტინმა მოახდინა.

ნებისმიერი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეზოლუციასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ მიიღოს ის რეზოლუცია, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააკნინებს როგორც ეს მოხდა წინა რეზოლუციასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, მათ შორის ხელისუფლების ჩასვლა უკრაინაში," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი კონსულტაციებს იწყებს, რომ შაბათს, 15:00 საათზე,  უკრაინის მხარდამჭერი ჯაჭვი გაკეთდეს.

"ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ შაბათს, 15:00 საათზე მოქალაქეებს შევთავაზოთ ჯაჭვი, რომელსაც სხვა პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ ჩვენ კიდევ დეტალებს გავაცნობთ საზოგადოებას. ჯაჭვი, რომელიც იქნება განაცხადი, რომ ჩვენ არ გვინდა უკან დაბრუნება, არ გვინდა იმპერიაში ცხოვრება, ჩვენ გვინდა დასავლეთის ოჯახის წევრობა, რასაც იმსახურებს საქართველო," - განაცხადა პარტია "დროას" თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ.

"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კი მიიჩნევს, რომ გარდაუვალია აშშ-სთან ურთიერთ თავდაცვის ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ძალების გახსნა და ჯო ბაიდენისგან საქართველოზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა.

"გარდაუვალია, პირველი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთ თავდაცვის ხელშეკრულების გაფორმება; მეორე - საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ძალების გახსნა; მესამე - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოზე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები