16 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
რუსული ოკუპაციის სცენარი, რომელიც საქართველომ უკვე გაიარა - რას გეგმავს მმართველი პარტია უკრაინის მხარდასაჭერად და რა გეგმები აქვთ ოპოზიციაში

საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას - პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე სოლიდარობის ნიშნად საქართველოსა და უკრაინის დროშებია გადმოფენილი.

ყველა პოლიტიკური ძალა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს ოკუპაციის რუსული სცენარი უკრაინაში 14 წლის შემდეგ განმეორდა, თუმცა თანაბარი თანაგრძნობის მიღმა ოპოზიცია მეტი აქტიურობის მნიშვნელობაზე საუბრობს. "ლელო" ახალ რეზოლუციაზე მუშაობას აანონსებს. ყოფილი მმართველი პარტია კი მოქმედი ხელისუფლებისგან უკრაინის მიმართ თანადგომის გამოცხადებას კიევში ვიზიტითაც მოითხოვს.

ოპონენტებს მმართველი გუნდიდან მიანიშნეს, რომ უკრაინის საკითხი პარტიულ ინტერესებს არ უნდა დაუკავშირონ. "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ შეახსენა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერა. ასევე ითქვა, რომ 2008 წლის მოვლენებისგან განსხვავებით უკრაინის ხელისუფლება სწორ პოლიტიკას გაატარებს, ისევე როგორც მათი თქმით, მმართველი გუნდი საქართველოში, რომელიც უკრაინის მიმართ მხარდამჭერ განცხადებებს პარტნიორებთან კოორდინაციით აკეთებს.

ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის შიგნით აქტიურ მოქმედებებზე უკვე გადავიდა. "დროა" მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ აქციას აორგანიზებს. ამ მიზნით უკვე დაწყებული აქვს კოლეგებთან კონსულტაციები.

ის, რომ რუსეთის საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს და მის გადაწყვეტილებას სამართლებრივი ძალა არ აქვს, ეს დღეს მმართველ გუნდშიც არაერთხელ განაცხადეს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საქართველოს რეაგირება ამაზე უნდა იყოს მტკიცე და მშვიდი, საჭიროების შემთხვევაში კი კონკრეტული ნაბიჯები შეთანხმებული უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებასთან.

არაერთგვაროვანი განცხადებების მიუხედავად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თანხმდებიან მთავარზე, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსულ აგრესიას.

დღის ამბები