16 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
"ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა "ჩრდილოეთის ნაკადი" არ გაგრძელდეს"- ჯო ბაიდენი

ვაშინგტონის ახალი სანქციები რუსეთს - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ სანქციების პირველი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. კრემლის მიერ უკრაინის რეგიონების აღიარების საპასუხოდ შეზღუდვები შეეხო რუსეთის ორ უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტს, სუვერენულ ვალს და რუსეთის ელიტის წევრებს.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში მზად არიან შემდგომი სანქციებისთვისაც. მისივე ბრძანებით, ბალტიელი მოკავშირეების: ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის გასაძლიერებლად ქვეყნებში აშშ-ის დამატებითი ძალები განლაგდება. ბაიდენი იმედს იტოვებს, რომ კრიზისიდან დასაძლევად დიპლომატია კვლავ ხელმისაწვდომია.

"რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია. საპასუხოდ სანქციების დაწესებას ვიწყებთ და თუ რუსეთი შორს წავა შეჭრით, ჩვენც მზად ვართ მეტი სანქციისთვის. რა აძლევს პუტინს უფლებას მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიები ე.წ. ქვეყნებად აღიაროს? ეს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა და მკაცრს პასუხს მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისგან. 
 
ჩვენ ვაწესებთ დამბლოკავ სანქციას რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე, სახელმწიფო განვითარების კორპორაციასა და სამხედრო ბანკზე.
 
ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე, რაც ნიშნავს, რომ შეწყდება რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთისგან ფულის მიღებას და ახალი ვალით ვაჭრობას ჩვენს და ევროპულ ბაზრებზე.
 
ასევე, დღეიდან სანქციებს დავუწესებთ რუსეთის ელიტას და მათ ოჯახებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და უნდა გაიზიარონ ტკივილიც. 
 
რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა "ჩრდილოეთის ნაკადი" არ გაგრძელდეს. 
 
არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ რუსეთი აგრესორია. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღია ვრჩებით დიპლომატიისთვის, თუკი ის სერიოზულია. საბოლოოდ, რუსეთს მისი ქმედებებით განვსჯით და არა სიტყვებით. როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, მზად ვართ მას ერთიანად და მტკიცედ ვუპასუხოთ," - აცხადებს ბაიდენი. 
დღის ამბები