ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს, იგეგმება პროვოკაცია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" უდგას სათავეში.
ქადაგიძე ირწმუნება, რომ გეგმის მიხედვით, რუსეთის ნაკრების წევრების შეურაცხყოფის გარდა, განიხილება სასტუმროში ან მოედანზე შევარდნის ვერსიებიც.
ქადაგიძე მიმართავს სამართალდამცველებს, სასწრაფოდ აღკვეთონ მოსალოდნელი პროვოკაცია.
"საქართველო-რუსეთის შეხვედრასთან დაკავშირებით (რაგბი) "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გეგმავენ სხვადასხვა აქტიური ჯგუფის მობილიზებას...
აქტივობის ოფიციალური და გარეგნული მხარე იქნება რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტება და უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო რეალური მიზანი იქნება პროვოკაცია, რომელზეც უნდა წამოეგონ რუსეთის ნაკრების მოთამაშეები.
გეგმის მიხედვით, მძიმე შეურაცხყოფების გარდა, განიხილება სასტუმროში ან მოედანზე შევარდნის ვერსიებიც როგორც წინა დღეს ვარჯიშზე, ასევე შეხვედრის დღეს.
ორგანიზატორების გეგმის მაქსიმალური, სასურველი შედეგია ერთი მხრივ ქართველი გულშემატკივრის მინიმუმ ფიზიკური დაზიანება, მეორე მხრივ ისრებისა და ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანა, ჩვენი ქვეყნის ჩათრევა მძიმე პროვოკაციებში...
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებებს, აღკვეთეთ ეს ვერაგული პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ!" - წერს ქადაგიძე.