უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. ცნობილი ხდება ისიც, რომ უკრაინის პარლამენტმა რუსი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევი ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიის დატოვებას მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს. ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზება საჭირო არ არის, თუმცა უნდა გაძლიერდეს არმიის მზადყოფნა ყველა შესაძლო შემთხვევისთვის.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დონბასში არ იმოქმედებს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინაში მობილიზაციის გადაწყვეტილება მიიღონ.
"უკრაინის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, აღნიშნული რეჟიმი არ იმოქმედებს დონბასში. საგანგებო მდგომარეობა, პრაქტიკულად, არ მოახდენს რადიკალურ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე, ამ ეტაპზე სიტუაციას ვამუშავებთ. გადაუდებელი ზომები მოიცავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გაძლიერებას, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასა და მის შემოწმებას, ასევე, მოქალაქეთა დოკუმენტაციის შემოწმებას.
რაც შეეხება კომენდანტის საათს, რეჟიმი, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონებში დაწესდება. უკრაინაში მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს, თუ საჭირო გახდება.
რაც შეეხება შეტევას კიევზე, ან ჩვენს სხვა ქალაქებზე, პასუხი მომენტალურად იქნება მიღებული. დღეს ჩვენ ვიცით, რა რისკები არსებობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ჩვენი ჯარი მზადაა საპასუხოდ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქზე შეიძლება განხორციელდეს თავდასხმა რუსეთის ფედერაციიდან," - განაცხადა ალექსი დანილოვმა.