16 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ბრიუსელში ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომა იმართება

ბრიუსელში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს განიხილავენ.  ქართველი კანონმდებლები ალიანსის შტაბბინაში იმყოფებიან. იმართება ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომა.

პანდემიის დაწყების შემდეგ ეს პირველი ფიზიკური შეხვედრაა.

საბჭო ბრიუსელში წელიწადში ერთხელ იკრიბება. დისკუსია დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, თუმცა მედიისთვის კეთდება განცხადებები.

"გვქონდა შეხვედრა იმ გუნდთან, რომელიც ახორციელებს ნატოს ახალი სტრატეგიული  კონცეფციის მომზადებას, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტერაქცია ალიანსის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ვიზიტი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ახორციელებს დიდი მასშტაბებით აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს. ეს არის საფრთხე არა მხოლოდ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის და არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ალიანსის მხრიდან აქვს. მისი თქმით, მარტის თვეში ჩატარდება ნატო-საქართველოს ერთობლივი ექსკლუზიური სწავლება, რაც კიდევ ერთი დემონსტრირებაა ალიანსის და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან შანტაჟზე პასუხი ალიანსის მხრიდან უნდა იყოს ის, რომ ნატომ მისცეს მეტი შესაძლებლობები უკრაინას და საქართველოს და დააჩქაროს მათი წევრობა.

პარლამენტის წევრის დავით ბაქრაძის თქმით, არსებულ ვითარებაში მკაფიო პოზიციების დაფიქსირება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს, ასევე ალიანსის მხრიდან.

დღის ამბები