სენაკის საკრებულოს იმ შემადგენლობამ, რომელსაც "ქართული ოცნება" არალეგიტიმურად მიიჩნევს, თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი აირჩია - ირაკლი კაჭარავას მხარი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც" დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობდა საკრებულოს 17 წევრი. სხდომას ისევ არ ესწრებოდა "ქართული ოცნება", რომელიც გახარიას და მიხეილ სააკაშვილის გუნდების თანამშრომლობას პროტესტს უცხადებს და პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაჭარავა ამბობს, ეს გადაწყვეტილება იმისთვის იქნა მიღებული, რომ საკრებულომ გააგრძელოს ფუნქციონირება.
"არ არის ეს არანაირი გარიგება და არანაირი ალიანსი. ეს არის გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საკრებულო გახდეს ფუნქციური,"-აცხადებს ირაკლი კაჭარავა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი
სევდია უგრეხელიძე კი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების ფაქტის წინაშე აღმოჩნდა და ზეწოლა, რომელიც აპარატის უფროსზე განხორციელდა მიმართული იყო არჩევნების ჩაშლისკენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ინგა ქარდავა კი ახლად არჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეს დიდი მომავალს ვერ უწინასწარმეტყველებს.
"მე მათ ვუწოდე, სენაკის საკრებულოს "თალიბანები". ამ ყველაფერს გაეცემა კანონიერი პასუხი, გამომდინარე აქედან, მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებაში" დაფრთიანებულ გახარიას ხელის ბიჭს - ის იქნება ერთკვირიანი საკრებულოს თავმჯდომარე და ეს მისთვის ინება ორმაგად სამარცხვინო,"-აცხადებს ინგა ქარდავა.