რა ეკონომიკური გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომელიც საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია თურქეთის შემდეგ, სანქციების ავტორები კი საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ღამის კურიერში" ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
"დღეს რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება სანქციების შესაძლო გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და ამას რა გავლენა ექნება ჩვენს ეკონომიკაზე. ბუნებრივია ამას ჩვენი ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან, დღეს ბოლომდე სურათი არაა გამოკვეთილი. გარდა იმისა რომ მოვისმინეთ, რომ ევროკავშირმა გარკვეული სანქციები დაუწესა და ამერიკამაც ორ აღიარებულ სუბიექტს, ამაზე მეტი ჩვენ არაფერი არ გვსმენია. ჩვენ ზოგადად და ამ სიტუაციაშიც გვმართებს ნაკლები ემოციები. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს გზამკვლევი. მინდა გავიმეორო, რომ ვაკვირდებით მოვლენებს, ყურადღებით შევისწავლით შესაძლო გავლენებს როგორც რეგიონზე ისე ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ.ჩვენ რაც მოვახერხეთ ამ 9 წლის განმავლობაში, რთულ რეგიონში, რთულ პერიოდში, ოკუპაციის პირობებში ესაა სერიოზული მიღწევა. ჩვენ მოვახერხეთ პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკით სიტუაციის დეესკალაცია და ბაზრების გახსნა და ეს ჩვენ ქვეყანას ძლიერ პოზიციაში აყენებს, ვიდრე იყო 2012 წელს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.