16 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"ვამაყობთ ჩვენი ძალიან მაგარი რაგბისტებით, მჯერა, რომ კვირას ისინი კიდევ ერთ მორიგ გამარჯვებას მოიტანენ, სპორტი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ" - პრემიერი

საქართველო-რუსეთის მატჩის დროს დაგეგმილ პროვოკაციებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და ესენი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. 

პრემიერმა ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ თუკი რაიმე სახის სპეკულაცია იქნება მატჩის დროს, ამას ხელისუფლების მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება:

"ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი ძალიან მაგარი რაგბისტებით, გმირი ბიჭებით, რომლებიც ძალიან ბევრჯერ გვახარებენ, მე მჯერა, რომ კვირას ისინი კიდევ ერთ მორიგ გამარჯვებას მოიტანენ. მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქესა და ასევე პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ სპორტი ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ და არავის მივცეთ საშუალება რაიმე ინტრიგა და პროვოკაცია შეიტანოს სპორტში. მნიშვნელობა არ აქვს რომელი გუნდი ჩამოდის. ჩვენი ქართველი რაგბისტები, პირველად არ ხვდებიან რუს მორაგბეებს. სპორტი სხვა არის და მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ეს ერთი, მეორესგან უნდა დავაშოროთ. 

ძალიან კარგად მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან ამ სიტუაციაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მე მინდა ისინი გავაფრთხილო, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას, ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება. მინდა ყველას ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს რა უნდათ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მათ უნდათ ეკონომიკის გაჩერება, ტურიზმის გაჩერებაც, ქვეყნის დაკეტვაც და ახალი ომის დაწყებაც, რადგან ამაში ხედავენ რაღაც თეორიულ შანსს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ არავის მივცემთ ქვეყანაში სიტუაციის არევის საშუალებას. ის რაც ჩვენ მოვახერხეთ, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ უპრეცედენტოა. 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ომი, მოვახერხეთ ის, რომ ოკუპაციის პირობებში, შევინარჩუნეთ სიმშვიდე, სიმტკიცე და უამრავი სხვა პერსპექტივა გავუჩინეთ ქვეყანას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები