საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინა წლის ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე დაფიქსირდა ინფლაციის კლება და ექსპერტების პროგნოზებით, მარტი-აპრილიდან ინფლაცია სერიოზულ შემცირებას დაიწყებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"რაც შეეხება, ზოგადად, ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციას ქვეყანაში, მინდა, რომ მოსახლეობას უფრო ვრცლად ავუხსნა. ჩვენ გასულ წელს გვქონდა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ზრდის შედეგი. 10.6% გამოვიდა წლის ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ვიყავით მე-2 ადგილზე ირლანდიის შემდეგ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგადად, პანდემიის თანმდევია ინფლაციის მატება.
"მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თქვენ ახსენეთ ინფლაცია და ზოგადად ფასების მატება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყურადღებით ვსწავლობთ, ვაკვირდებით და შესაბამისი პოლიტიკაც დავიწყე, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. საერთოდ, რომ გავაანალიზოთ ეს ინფლაცია, გასულ წელს ჩვენთან საერთო შეწონილი ინფლაცია, საბოლოო ჯამში, გამოვიდა 9.6%, წლის ბოლოს 3.9%-ს მიაღწია. წლის განმავლობაში იყო საშუალო ინფლაციური დონე 9.6%. საერთოდ, მე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, პანდემიის თანმდევია ინფლაციის მატება და ეს არა მხოლოდ საქართველოში, ისეთი პატარა ქვეყნის ეკონომიკაში, როგორიც საქართველოა, არამედ მთელს ევროპაში, ამერიკაში დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი, მაგალითად ამერიკაში ინფლაციის დონე იყო 40 წლის მაქსიმუმი. ძალიან მაღალი იყო ინფლაციის დონე ევროპაში, გერმანიაში, ძლიერ ეკონომიკებში, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა. აღარ მაქვს საუბარი სხვა განვითარებად და უფრო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებზე," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ FAO-ს დეკემბრის მონაცემებით, რომელიც არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, სურსათის მსოფლიო ფასები 23.5%-ით გაიზარდა ზოგადად ყველგან, მთელს მსოფლიოში.
"მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, ვინაიდან ამ ფასებზე არის მუდმივი სპეკულაციები და ცდილობენ პოლიტიკოსები მათ შეცდომაში შეყვანას. FAO-ს დეკემბრის მონაცემებით, რომელიც არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, სურსათის მსოფლიო ფასები 23.5%-ით გაიზარდა ზოგადად ყველგან, მთელს მსოფლიოში, მათ შორის რძის პროდუქტებზე 18%-ით, მარცვლეულზე 20%-ით, საუბარია ფქვილისა და ხორბლის ფასების გაზრდაზე და ა.შ. შაქარზე 33%-ით მთელს მსოფლიოში, ზეთზე 36%-ით და ნავთობის მსოფლიო ფასები 74%-ით. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ჩვენ არ ვართ რაღაც კუნძული, სადაც ყველაფერს ვაწარმოებთ ჩვენ თვითონ და არ ვართ დამოკიდებული. ჯერ კიდევ წინა წლის ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე კლება დაფიქსირდა ინფლაციის და ჩვენი ექსპერტების პროგნოზებით, მარტიდან, აპრილიდან დაიწყებს სერიოზულ შემცირებას ინფლაცია. ამ ბოლო თვეებში შეინიშნება წინა თვესთან შედარებით ფასების ზრდის ტემპის შენელება, რაც ძალიან ოპტიმისტურია და ძალიან კარგად გამოიყურება.
როდესაც მიდის უპასუხისმგებლო ანალოგიების მოყვანა, მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ერთგვარი შედარებითი მონაცემები გაგაცნოთ - 2012-2021 წლებში, რომ ავიღოთ ჩვენი მმართველობის პერიოდი 9 წლის განმავლობაში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ჯამში გაიზარდა 60%-ით. ჩვენ თუ ავიღებთ ანალოგიურ პერიოდს წინა ხელისუფლების, რომლებიც ახლა აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას და ზოგადად, ფასებთან დაკავშირებულ პოლიტიკას, 8 წელიწადში გაიზარდა 95%-ით, ანუ 35%-ით მეტად. ასევე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ისეთი მომსახურეობა, როგორიც არის დენი წყალი, კომუნალური გადასახადები, ჩვენ დროს ჯამურად გაიზარდა 29%-ით, ხოლო წინა ხელისუფლების დროს 75%-ით. ეს მოსახლეობისთვის რომ განვმარტოთ. რა თქმა უნდა, ყველა ის დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც მიმდინარეობს, არის ტყუილზე დაფუძნებული. ასევე მინდა გითხრათ, ერთ-ერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან მოვისმინე, რომ ეს იყო რეკორდული ინფლაციური მაჩვენებელი 13.9%, 2006 წლის ივლისში დაფიქსირდა წლიური ინფლაცია 14.5%, 2011 წელს დაფიქსირდა 14.3% ინფლაცია და მე აქ თვალსაჩინოებისთვის წამოვიღე დიაგრამა, ნაჩვენებია წინა ხელისუფლების დროს რამხელა, როგორი მატება იყო ფასების და როგორი ინფლაცია იყო.
ფასები, რაშიც ჩვენ შეგვიძლია მოქმედება, რეაგირება და ჩარევა, ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ზეთზე, ნავთობზე და ზოგადად სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა, ჩვენზე არ არის დამოკიდებული,"- განაცხადა პრემიერმა.