საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოში უკრაინის ელჩს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საუბარი 1 საათს გაგრძელდა. შალვა პაპუაშვილმა და იგორ დოლგოვმა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს.
შეხვედრასთან დაკავშირებით მედიასთან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
"უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ყოველი ნორმა და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ პირველწყაროსგან მოვისმინეთ ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გარდა შეიარაღებული კონფლიქტისა, სახეზეა საინფორმაციო ომიც და მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირველწყაროსგან სრული ინფორმაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა შეხვედრა უკრაინის ელჩთან.
საქართველო, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს იმ აგრესიას, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ხორციელდება და მივიჩნევთ, რომ ეს აგრესია არამხოლოდ უკრაინისკენაა მიმართული, არამედ საფრთხეში აგდებს სრულიად ევროპის უსაფრთხოებას,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.