უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს პირველი ტყვეების აყვანა - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის უწყება ადასტურებს. საუბარია 2 რუს სამხედრო ჯარისკაცზე, რომლებიც იამოპოლის მოტომსვლელ ოლქს ეკუთვნიან.
ასევე რამდენიმე წუთის წინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დასახლება გოსტომელთან ტყვედ ჩავარდა კიდევ ერთი დივერსანტი, რომელიც დასახლებაში რამდენიმე ადგილას აფეთქებებს გეგმავდა.
უკრაინის სასაზღვრო ძალები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსული არმიის ნაწილები ცდილობენ საზღვრის გარღვევას კიევის მიმართულებით. პუნქტ ვილჩასთან უკვე დაიწყო შეტაკებები, პირველი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღეს სასაზღვრო ნაწილებმა, თუმცა მათ მალევე როგორც უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას შეუერთდნენ უკრაინელი სამხედროები და ამ დროისთვის ისინი ცდილობენ რუსული როგორც სატანკო ნაწილების, ასევე სახმელეთო ჯარების შეკავებას ამ მიმართულებაზე.
რაც შეეხება ქალაქ მარიოპოლს, რომლის დაბომბვაც არ წყდება, ბოლო ცნობით მარიოპოლი სმერჩის სისტემის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით იქნა დამუშავებული და ამ იერიშის შედეგად დაღუპულია 3 და დაჭრილია 7 მშვიდობიანი მოქალაქე.
ოდესის ოლქს რაც შეეხება, განხორციელებული დარტყმების შედეგად სამწუხაროდ 18 ადამიანი გარდაიცვალა. დარტყმა რუსულმა არმიამ განახორციელა სამხედრო ნაწილთან ახლოს, სადაც ცხოვრობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. დაღუპულებს შორის არის 8 მამაკაცი და 10 ქალი.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რჩება ქალაქ ბროვარში, სადაც ერთ-ერთ სამხედრო ობიექტს რუსულმა არმიამ 2 ფრთოსანი რაკეტა ესროლა. ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა რაოდენობის დაღუპულებზე, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებში, თუმცა ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის უწყება ჯერ კიდევ აზუსტებს.
ხარკოვს კი რაც შეეხება, აქ მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ უკრაინის რკინიგზამ შეაჩერა მიმოსვლა, მათ შორის მოსახლეობის ევაკუაცია, თუმცა აგრძელებს ევაკუაციას უკრაინის იმ რაიონებიდან, სადაც ასევე საოკუპაციო ძალები აგრძელებენ დარტყმების განხორციელებას.
უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსული არმია ემზადება ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ხერსონის და მელიტოპოლის ასაღებად. საუბარია იმ რუსულ ნაწილზე, რომელიც დაიძრა ანექსირებული ყირიმიდან.
"რუსეთს არ გამოუვიდა ბლიცკრიგი და ისინი არიან შოკში" - ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ნაციონალური გვარდიის წარმომადგენელი. მისი განმარტებით, მოხდა რუსი სამხედროების რადიო სიგნალების გადაჭერა, სადაც რუსი სამხედროები, მათ შორის ოფიცრები ღიად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და მათი მოლოდინი, როგორც უკრაინელი სამხედროები ირწმუნებიან იყო, რომ უკრაინელი სამხედროები პირველივე საათებში დაყრიდნენ იარაღს და მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის წინააღმდეგობა, რომელსაც ამ წუთებშიც უწევს როგორც უკრაინის არმია, ასევე ნაციონალური გვარდია, საპოლიციო ნაწილები.