რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქის საზღვარი გადაკვეთეს. უკრაინის დედაქალაქამდე ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებს სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებთ. რუსული ავიაცია კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ გოსტომელს ბომბავს. დაცხრილული და დამწვარია სამხედრო ნაწილები. იზრდება დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, პრეზიდენტის სასახლეზე იგეგმება საჰაერო თავდასხმა. გამოცხადდა ევაკუაცია. ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლის შენობა დაატოვებინეს. ობუხოვის რაიონში რუსულმა გამანადგურებელმა სისტემამ უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 14 ადამიანიდან 5 დაიღუპა.
გარდა ამისა, ხარკოვში შეტაკებები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარკოვის მეტროში გააჩერეს მატარებლები, რათა უფრო მეტი ადამიანის განთავსება მოხდეს. საუბარია იმაზეც რომ რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს რუსმა ოკუპანტებმა - ესენია, ჰესი და ელექტროგამანაწილებელი სისტემა
ამასთან, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის გენშტაბმა. მათ შეაჯამეს რუსეთის ინტერვენციის პირველი შედეგები.
"მოწინააღმდეგემ განახორციელა 30 დარტყმა ჩვენს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ასევე არტილერია, ფრთოსანი რაკეტები. მიმდინარეობს მწვავე შეტაკებები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. მოგიწოდებთ ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე," - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.