ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პარლამენტის საგანგებო სხდომის დანიშვნის შესახებ მიესალმება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სხდომა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით უნდა დასრულდეს.
"ხვალ ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი გვექნება განსახილველი - დაწყებული ეკონომიკური უსაფრთხოებით, დასრულებული იმით, თუ რა სახის დახმარების აღმოჩენას აპირებს საქართველოს სახელმწიფო უკრაინისთვის. მათ შორის, ჩვენ მიგვაჩნია, და ამას უკვე ვითხოვთ რამდენიმე დღეა, შესაბამისი საპარლამენტო რეზოლუციის მიღების გზით და მეორე - ჩვენ, ხვალ პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ რამდენადაა ჩვენი ქვეყანა მზად იმ გამოწვევისთვის, რასაც ნიშნავს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ,"-აცხადებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 48 საათში უნდა გაიმართოს.
"პრეზიდენტის ხელმოწერის მერე, 48 საათის განმავლობაში, ვალდებულები ვართ, შეიკრიბოს საგანგებო სხდომა. ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები უკრაინელი ხალხის მიმართ და ეს უნდა გამოვხატოთ არამარტო სიტყვებში, არამედ ჩვენს ერთიანობაში. ჩვენ უნდა დავანახოთ ერთიანი პოზიცია, რომ საქართველო ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად დგას უკრაინელი ხალხის გვერდით,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
უმრავლესობა ამბობს, რომ სამართლებრივად ოპოზიციის მოთხოვნა გაუმართავია. "ქართული ოცნება" პრეზიდენტის საბოლოო ნაბიჯებს ელოდება. პარალელურად, "ქართული ოცნება" უკრაინის საკითხზე ახალი რეზოლუციის ტექსტზე მუშაობს, რომელსაც მმართველი გუნდი მომდევნო კვირას წარმოადგენს.
"საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურის დაბარების სპეციალური წესი და კანონი არსებობს. აქედან გამომდინარე, ის ჩანაწერი, რომელიც 41 დეპუტატის მიერაა გაკეთებული პრეზიდენტთან მიმართვის დროს, არ არის შესაბამისობაში რეგლამენტთან და პრემიერ-მინისტრის დაბარება ხდება კონკრეტული წესით და რეგლამენტის მოთხოვნებით. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც არის არა საპარლამენტო სფერო, არამედ მთავრობის გადასაწყვეტი- რა დახმარება უნდა გაუწიოს და რა ქმედებები უნდა გაატაროს, ამიტომ, ამ საკითხს სამართლებრივად მოწესრიგება და დალაგება სჭირდება,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.