საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ელჩი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა. უკრაინელი დიპლომატი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეიარაღებული კონფლიქტის გარდა უკრაინას საინფორმაციო ომიც მოსაგერიებელი აქვს. სწორედ ამიტომ ქართულმა მხარემ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში განვითარებულ უმძიმეს მდგომარეობაზე ინფორმაცია პირველ წყაროდან მიიღო. იგორ დოლგოვისა და შალვა პაპუაშვილის პირისპირ შეხვედრამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა "ტვიტერზე" გამოუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად ქმედითი და მტკიცე ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა დაგმო და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერის" საშუალებით საერთშორისო საზოგადოებას მიმართავს, რომ ყველა ზომა იყოს გამოყენებული, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი სამხედრო ესკალაცია.
სიტუაციის დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. სამინისტრო განცხადებასაც ავრცელებს. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი.
სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს სოციალური ქსელით გამოუცხადეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
რუსული აგრესია მხოლოდ უკრაინისთვის, რომ არ არის საფრთხე ამაზე საქართველოს პოლიტიკური სპექტრი თანხმდება. ოპოზიცია გამოსავალს კონსოლიდაციაში ხედავს.
2008 წელის მაგალითის და უკრაინაში დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მმართველი გუნდი პირველი რიგის საკითხად სწორედ საომარი მდგომარეობის შეჩერებას აყენებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ომის შეწყვეტისთვის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად საკუთარ წვლილს ქართული სახელმწიფოც შეიტანს.
რუსეთს, რომ დიპლომატია არ სურს ამაზე ოპოზიციაში ბევრს საუბრობენ და ფიქრობენ, რომ მისი აგრესიის შესაჩერებლად ისევ ძლიერი შეწინააღმდეგებაა გამოსავალი, თუმცა ყველა ნაბიჯი მათ შორის საქართველოს მიერ გადადგმული დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებული უნდა იყოს.
დასავლელ პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაშიც" და ამბობენ, რომ საქართველომ ახლა ყველაზე მეტად უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და არ დაუშვას ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება.
საჯარო განცხადებების და სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების გარდა უკრაინელებს მხადაჭერა საქართველოში საელჩოსთან შეკრებითაც გამოუცხადეს.