პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პარლამენტის საგანგებო სხდომას "ქართული ოცნების" დეპუტატები არ დაესწრებიან. ამის შესახებ გუშინ დღის ბოლოს გახდა ცნობილი. უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს.
პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ამ გადაწყვეტილებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.
"როდესაც კარები ჩაიკეტა საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტის დარღვევით საქართველოს პარლამენტის და არ იძლევა "ქართული ოცნება" შესაძლებლობას, რომ ჩვენ დღეს პარლამენტის დარბაზიდან მივესალმოთ უკრაინელ ხალხს.
ვცდილობთ, რომ პარლამენტის შენობაში გავაჟღეროთ უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. დავდგეთ ყველა ერთად, მივაგოთ პატივი დაღუპული უკრაინელების ხსოვნას, დავუკრათ ტაში უკრაინელ ხალხს გამხნევებისთვის და ერთად მოვუსმინოთ საქართველოს და უკრაინის ჰიმნს," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არის სამარცხვინო და დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც სირცხვილის დღე.
"მე არ შემიძლია დღეს არ ვიყო ემოციური, იმიტომ, რომ ჩემი გული არის კიევში. დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში. დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს ისტორიაში.
მაშინ, როდესაც ჩემს საყვარელ უბანში აბალონზე, კიევში, რუსული დივერსიული ძალები უტევენ თავდაცვას, თავდაცვის ძალებს უკრაინაში, მათ შორის მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩართული ქალაქის თავდაცვაში.
უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით, მოაგროვა უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები და გადაწყვიტა დღეს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და არ გაეღო პარლამენტის დარბაზი, პირველად საქართველოს ისტორიაში,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ თუ ექნება ნებართვა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჩაატაროს კენჭისყრა, ამას გააკეთებს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნება" მიიღო გადაწყვეტილება და არ ესწრება დღევანდელ სხდომას. მათ გაავრცელეს უმრავლესობის დეპუტატების განცხადება სადაც წერია, რომ ისინი არ აპირებენ დღეს მოსვლას და კენჭისყრის ჩატარებაში ვერ ხედავენ აზრს, ამიტომ არის ეს კარები დაკეტილი.
თუ მექნება პარლამენტის თავმჯდომარის წერილობითი ან ზეპირი ბრძანება , რომ გავუძღვე სხდომას და ჩავატარო კენჭისყრა ამას გავაკეთებთ და ვნახავთ რამდენი დეპუტატი ესწრება ან არ ესწრება სხდომას," - აცხადებს ლევან იოსელიანი.