უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვმა ნეიტრალიტეტის შესახებ გზავნილს, - პოზიტივისკენ სვლა უწოდა.
ნეიტრალიტეტი პირველად ზელენსკიმ გუშინდელ მიმართვაში ახსენა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას არ ეშინია ნეიტრალური სტატუსის, თუმცა აქვე ინტერესდება უსაფრხთხოების რა გარანტიები ექნება ქვეყანას. ამ განცხადებას დღესვე უპასუხა სერგეი ლავროვმაც.
რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ზელენსკიმ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - გარანტიები კი პუტინის მხრიდან ჯერ კიდევ დეკემბერში იყო შეთავაზებული, თუმცა მაშინ უკრაინა, დასავლეთის მსგავსად, არჩევანის უფლებასა და ევროინტეგრაციაზე საუბრობდა.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. უსაფრთხოების შესახებ გარანტიები ჩვენ შევთავაზეთ ჯერ კიდევ გასულ წელს, იქ ერთადერთი პირობა იყო რომ შეესრულებინათ მოთხოვნა იმ მოლაპარაკებებზე რომელიც ხელმოწერილია ეუთოს ფარგლებში. არავინ არ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. ზელენსკის არ სურდა ეს ვალდებულება შეესრულებინა. ეს ასევე არ სურდათ მის დასავლელ მხარდამჭერებს. ყველა ერთხმად აცხადებდა რომ არჩევანის თავისუფლება უპირატესია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიონ გზა. შესაბამისად, ახლა ის თქვენ სიმართლეს არ გეუბნებათ, მარტივად რომ ვთქვათ იტყუება, როცა ამბობს რომ მზადაა განიხილოს ნეიტრალიტეტის სტატუსი.
ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნებისმიერი ვარიანტი. ამ საკითხზე პრეზიდენტმა პუტინმა მაკრონთანაც ისაუბრა. პრეზიდენტმა პუტინმა პირდაპირ თქვა, რომ ნატოს გაფართოება მისთვის მიუღებელი იყო, თუმცა ჩვენ გვსურს საერთო მოლაპარაკებები და საერთო ძალისხმევა მოვძებნოთ, მათ შორის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთი ვარიანტები, რომელიც იქნება შემდგომი გარანტია რუსეთისთვის, ევროპისთვის და უკრაინისთვის. ჩვენი ინიციატივები უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართულია იმ გარანტიების ძებნაზე რომელიც შეეხება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს, უპირველეს ყოვლისა კი ნატოს. ამიტომ ზელენსკის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კარგად ცნობილია.
ჩვენ დაინტერესებულები ვართ უკრაინის დამოუკიდებლობით, მრავალფეროვანი ხელმძრვანელობით და არა ნეონაცისტებით, რომელიც უკრაინას რუსეთის შესაკავებლად იყენებენ. არანაირი დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არ იქნება, რუსეთი უზრუნველყოფს უკრაინის დემილიტარიზაციას. მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუ უკრაინა მოგვისმენს.
რაც შეეხება უკრაინელების სურვილებს, რომლებსაც აქაც სურთ და იქაც სურთ - ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრათ. როდესაც, ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს პრეზიდენტი პუტინი მოუწოდებდა ალიანსს 3-ჯერ ეფიქრათ, ვიდრე სიამაყით ჩაწერდნენ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდა," - განაცხადა ლავროვმა.