საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა სოზარ სუბარმა განაცხდა. დეპუტატი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მმართველი გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
"ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ამ მძიმე დღეებში უკრაინას, უკრაინელ ხალხს, მის ხელისუფლებას. ყველაფერს ვაკეთებთ მათი დახმარებისთვის. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი პროექტი მუშავდება, ამის გაჟღერებას არ დავიწყებ, მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება, როგორც საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის, ისე უკრაინაში ძალიან დიდი დახმარებისთვის ჩვენ მზად ვართ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაზეც ისაუბრა და პრემიერის განცხადება ქვეყნის ინტერესებით ახსნა.
"რაც შეეხება სანქციებთან შეერთებას ძალიან ბევრი ის აკრძალვა, რომელსაც ახლა იღებს ძალიან ბევრი ქვეყანა საქართველოში უკვე მოქმედებს. დაწესებულია სანქციები რუსეთის მიმართ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით და საქართველო შეუერთდა ამას. საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, ძალიან დიდი ხანია, შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა, რასაც ახლა აკეთებს ზოგიერთი ქვეყანა. რუსეთის მხრიდან ცალმხრივად აკრძალულია მათი მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთა. თუმცა არის კიდევ დამატებითი შეზღუდვები, რაც რუსეთს კი არა, მხოლოდ საქართველოს მიაყენებს ზიანს," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.