საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჟან-ივ ლე დრიანთან, სატელეფონო საუბარი გამართა.
საუბრისას, მინისტრებმა უკრაინის საკითხი განიხილეს. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის თანმიმდევრული და მტკიცე პასუხის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული წუხილით აღინიშნა მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლი. ჟან-ივ ლე დრიანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და ევროკავშირის ძალისხმევას უკრაინაში ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის და საქართველოს მიმართ ოფიციალური პარიზის სრული სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და უერთდება ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების პოლიტიკურ განცხადებებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
"სატელეფონო საუბრის თემა იყო უკრაინა და მიმდინარე აგრესია. ვისაუბრეთ იმ მცდელობებზე, რაც კონსოლიდირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მიუღებელია, რომ ამ აგრესიის შედეგად იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ სატელეფონო საუბრისას, ასევე ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა დგამს. ჩემი თხოვნა იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კვლავ გაგრძელდეს მცდელობები იმისათვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ჩვენს ქვეყანაზე მოდიოდეს,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.