საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო.
ამასთან, მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, სპეციალური ყუთები განთავსდება ყველა მოქმედ ტაძარში და მრევლს რამდენიმე დღე საშუალება ექნება, პირველადი ნივთები მიიტანონ. მისივე თქმით, დღეს ტაძრებში სრულდება სამშვიდობო პარაკლისი.
"მოგეხსენებათ, რა ტრაგიკული მოვლენები ვითარდება უკრაინაში. ჩვენ უდიდესი გულისტკივილით ვადევნებთ თვალყურს ამ ყველაფერს, ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებს და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს, ვლოცულობთ მათთვის და ვლოცულობთ მშვიდობისთვის. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, ჩვენს სამღვდელოებაში და მრევლში არის ინიციატივა, რომ დავეხმაროთ იმ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ საქართველოში, ჯერჯერობით ვერ ბრუნდებიან თავის სამშობლოში და იმედია, ღვთის წყალობით, ეს განხორციელდება. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დღეს ტაძრებში სრულდება სამშვიდობო პარაკლისი, რათა დამშვიდდეს უკრაინა, მშვიდობა იყოს. სპეციალური ყუთები განთავსდება ყველა მოქმედ ტაძარში და მრევლს რამდენიმე დღე საშუალება ექნება, მიიტანონ პირველადი ნივთები, რომლის შემდეგ ერთად შეგროვდება და გაიგზავნება უკრაინაში"- განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.