კიევი ისევ საჰაერო თავდასხმის მოლოდინშია - ქალაქს უკრაინის სამხედრო და ტერიტორიული თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. დედაქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ განგაშის შემთხვევაში შეუძლიათ.
უკრაინის მთავარსარდალმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსული სატვირთო მანქანების კოლონას ჰაერიდან ესვრიან თურქული წარმოების ბაირაქტარის დრონებით. უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ჯარების შესაჩერებლად კიევის მახლობლად ხიდიც ააფეთქეს. ვრცელდება მაროდიორობის ამსახველი ვიდეო მასალაც, სადაც ჩანს რომ რუსი სამხედროები მაღაზიებს ძარცვავენ.
რუსეთის ჯამური დანაკარგი, ბოლო 3 დღის განმავლობაში, ასეთია - 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენები, 146 ტანკი, 706 ჯავშანტექნიკა, 49 ქვემეხი 2 გემი, განეიტრალებულია 4300 რუსი სამხედრო - ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
"მძიმე ღამე იყო. ეს იყო შურისძიება იმ ხალხისადმი, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად ფეხზე დადგნენ. მათ შეგნებულად აირჩიეს ისეთი ტაქტიკა, რომლითაც საჯარო ადგილებს, ელექტროსადგურებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სახლებს დაარტყამენ. მამაცი უკრაინელები დაუღალავად შრომობენ ქვეყნის დასაცავად და საქმეს თავს ბრწყინვალედ ართმევენ. რასაც ოკუპანტები აკეთებენ ხარკოვში, ახტირკაში, კიევში, ოდესასა და სხვა ქალაქებში, საერთაშორისო ტრიბუნალს იმსახურებს. ჩვენ ჩავიწერეთ მათი ყველა დანაშაული, შესაძლოა, ყოფილიყო სხვა დანაშაულები, რომ არა ჩვენი მამაცი ჯარისკაცები. რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ შეიცავს გენოციდის ნიშნებს, რუსეთი ბოროტების გზას ადგას,"-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მტერი დემორალიზებულია და ახლა მხოლოდ მცირე ძალებით ცდილობენ დაზვერვის ჩატარებას ქალაქ ირპინში.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას, დედაქალაქის დასავლეთ გარეუბანში იყო მცდელობა, წინ წამოსულიყო მტერი, მაგრამ შეიარაღებული ძალების ძლიერი სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმის ქვეშ მოექცა. მტერი დემორალიზებულია და ახლა მხოლოდ მცირე ძალებით ცდილობენ დაზვერვის ჩატარებას ქალაქ ირპინის მიმართულებით. რუსული არმია უკრაინაში ჯაშუშური მანიის მოწყობას ცდილობს. დიდი თხოვნა გვაქვს, ნუ ეცდებით საეჭვო პირების დაკავებას საკუთარი ძალებით, გთხოვთ, შეატყობინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ - დიდება უკრაინას,"-აცხადებს არესტოვიჩი.