საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანი თქმით სანქციებთან მიმართებაში საქართველო არასდროს უკან არ იხევს.
"მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომელსაც დავიწყებული აქვს, რომ 2014 წლიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, საქართველო შეერთებულია სანქციებზე ყირიმთან მიმართებით," - განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სანქციები არის ის უმწვავესი ზომა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა იყენებს. ზალკალიანის თქმით, სანქციებს ის დანიშნულება აქვს, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი.
"საქართველო უკან არასდროს იხევს ძალიან მკაფიო და მკაცრი ზომებისგან - ყირიმთან დაკავშირებული სანქციები ყოველწლიურად გრძელდება 2014 წლის შემდეგ და ერთხელაც უკან არ დაგვიხევია, რომ ამ სანქციების გაგრძელებაზე უარი გვეთქვას, თუმცა როდესაც საუბარია ინდივიდუალურად ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებზე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, თუ რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ.
ამ საფრთხეებზე ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ და უკრაინელ კოლეგებს. რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობითა და ცხოვრებით დამტკიცებული გვაქვს საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც საქართველოში ოკუპაცია ჰქვია. როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს?
როდესაც 40 კმ-ში, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, რომელიც უკრაინაში განახორციელეს. აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ და როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ? ბორელი რომ გამოდის და ამბობს, შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები? ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ საფრთხეებსა და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ და ევროპელ პარტნიორებს აქვს. ეს პასუხისმგებლობა გვალაპარაკებს. არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008-ში ვიხილე. არ მინდა თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები. არ მინდა დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა. არ მინდა ის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ქართველებს სატვირთო თვითმფრინავით აძევებდნენ რუსეთიდან.
ჩასაფრებულის პოზიციიდან ნუ ველაპარაკებით ერთმანეთს, ძალიან გვტკივა გული. უმძიმესი სიტუაციაა. მინდა, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად გააცნობიეროს, უმძიმესი სიტუაციაა - არავის ვაშინებ, გეუბნებით რეალობას და რეალობა რომ არ მეთქვა, ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა და არ ვიდგებოდი იქ, სადაც ვდგავარ.
როგორ გგონიათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნაკლები პატრიოტია სხვაზე?" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.